საქართველოს კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა
12 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა, რომელსაც ჰოლდინგ ბიოდიზელი ჯორჯიას დირექტორი, მურმან პატარაია დაესწრო და მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, სადაც განიხილა ბიოდიზელის ჩვეულებრივ ნავთობდიზელთან ბლენდირების საკითხი, ევროპული პრაქტიკის შესაბამისად.
როგორც მოგეხსენებათ ევროპულ ქვეყნებში, ავტოგასამართ სადგურებზე დიზელის ტიპის საწვავი უკვე ბიოდიზელთან ბლენდირებული სახით იყიდება, სადაც ბიოდიზელის შემადგენლობა ნავთობდიზელში 7%-მდე აღწევს. მურმან პატარაიამ ხაზი გაუსვა საკითხს, რომელიც ეხება სამოქმედო გეგმაში ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შეტანას.
საქართველომ 2021 წელს განაახლა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC) და აღნიშნულ დოკუმენტში გაწერილი მიზნების მისაღწევად შეიმუშავა საქართველოს 2030 წლის კლიმატის ცვლილების სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა, რაც წარმოადგენდა კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით ეროვნულ დონეზე დასახული მიზნების მიღწევის კოორდინირებული ძალისხმევის დაგეგმვისა და განხორციელების მექანიზმს.
განახლებულ კლიმატის სამოქმედო გეგმაში, 2021-2023 წლების გეგმის მსგავსად, წარმოდგენილია ემისიების შემცირების აქტივობები 7 სექტორში: ენერგიის გენერაცია და გადაცემა, ტრანსპორტი, შენობები, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ნარჩენების მართვა და სატყეო მეურნეობა.